ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
რისკის პრეფერენციები და მოტივები
ავტორი
ალან ნ. შუნმეიკერი

პოკერის ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ მოთამაშეებს არ უნდა ჰქონდეთ რისკის პრეფერენციები და მოტივები. ჩვენ ემოციების გარეშე უნდა გამოვითვალოთ მოგებისა და წაგების ალბათობები, გავამრავლოთ იმ თანხაზე, რომელსაც მოვიგებთ ან წავაგებთ, და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურ მოსალოდნელ ველიუსა (EV) და მოგებას მოგვიტანს.

რა თქმა უნდა, არსებობს შეზღუდვებიც. როგორიც არ უნდა იყოს EV, არ უნდა ვაკეთოთ ძალიან დიდი და სარისკო ბეტები, რომლებსაც ჩვენი გაკოტრება ან, სულ ცოტა, გაწბილება შეუძლია. თუმცა, ამ შეზღუდვების პირობებშიც კი ვერ ვიქნებით სრულად რაციონალურები. ჩვენ ისე ვართ აგებულები, რომ აუცილებლად გვქონდეს რისკის პრეფერენციები და მრავალრიცხოვანი მოტივები, მათ შორის, საკმაოდ ირაციონალურებიც. სიტყვა „ირაციონალურს” ვიწრო გაგებით ვიყენებ, მოგების შემცირების მიზეზის მნიშვნელობით.

ზოგ ადამიანს ძალიან ირაციონალური რისკის პრეფერენციები და მოტივები აქვს. მანიაკები აბსურდულად დიდ რისკს სწევენ, რათა აზარტი დაიკმაყოფილონ, უკიდურესი კონსერვატორები კი დადებითი EV-ს მქონე კარტებს და დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს-კარტებს ყრიან, რადგან წაგებისა ეშინიათ. ბევრ რეკრეაციულ მოთამაშეს კი გართობა უნდა. ჩვენ ყველა მათგანს უგულებელვყოფთ და ვფოკუსირდებით მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებულ ადამიანებზე, ისეთებზე, როგორებიც მე და თქვენ ვართ.

ეს სტატია ემყარება წიგნებს, რომელთა ავტორები ნობელის პრემიის ლაურეატები არიან ეკონომიკის დარგში. რიჩარდ თალერის „არასწორ ქცევაში” აღწერილია გადაწყვეტილების მიმღებთა ორი ტიპი – წმინდად რაციონალური „ეკონები” და ემოციური, ირაციონალური „ჰუმანები”. პოკერის ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ, როგორც „ეკონები”, ხოლო თალერის წიგნსა და კანემენის „ნელ და სწრაფ აზროვნებაში” მოცემულია კვლევის შედეგები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ გადაწყვეტილებებს ყველანი ვიღებთ ირაციონალური „ჰუმანების” მსგავსად.

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ისედაც გასაგებია, აშკარაა, მაგრამ ორი საუკუნის განმავლობაში ეკონომისტები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ყველა ადამიანს მხოლოდ ერთი დომინანტური მოტივი აქვს საკუთარი სარგებლის მაქსიმიზაციისთვის. პოკერისადმი მიძღვნილი წიგნების ბევრი ავტორი ამ პრინციპს იყენებს და უშვებს, რომ მკითხველებს მხოლოდ მაქსიმალური მოგება აინტერესებთ.

 

როცა EV იდენტურია

რისკის პრეფერენციებზე მსჯელობის დასაწყისში კანემენი მკითხველს სთხოვს, გააკეთონ არჩევანი ორ შემთხვევაში.

შემთხვევა 1. გარანტირებული $900 თუ $1000-ის მიღების 90%-იანი შანსი?

შემთხვევა 2. $900-ის დაკარგვა თუ $1000-ის დაკარგვის 90%-იანი შანსი?

 

EV ორივე შემთხვევაში ერთნაირია, მაგრამ ხალხის უმეტესობა გარანტირებულ ფულს ირჩევს პირველ შემთხვევაში და 90%-იან შანსს – მეორეში.

რატომ?

კანემენი წერს: „დანაკარგის მიუღებლობა მიგვითითებს ორი მოტივის შედარებით ძალაზე: იმის სურვილი, რომ ნაკლები დავკარგოთ, უფრო ძლიერია, ვიდრე იმისა, რომ მეტი მოვიგოთ”. ჩვენ ვირჩევთ რისკის არიდებას, როცა შედეგი დადებითია, რადგან ამ სასიამოვნო შედეგით გარისკვა არ გვინდა. თუმცა, როცა შედეგი უარყოფითია, გვირჩევნია, ბოლომდე გამოვიყენოთ ჩვენი შანსები – თუნდაც სულელური, რათა დაკარგვის ტკივილი თავიდან ავირიდოთ.

  

როცა ერთი ალტერნატივა გაცილებით უკეთესია

ადამიანებს შესთავაზეს ასეთი, ერთი შეხედვით, მარტივი ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს, $100-ის დაკარგვის 50%-იანი შანსით და $200-ის მოგების 50%-იანი შანსით. რადგან EV ასე გამოხატულად დადებითია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ ბეტს ყველა დათანხმდება, მაგრამ გამოკითხულთა უმეტესობამ მასზე უარი თქვა.

მათი გადაწყვეტილება აშკარად ირაციონალურია. ნებისმიერი „ეკონი” ან პოკერის ექსპერტი ამ ბეტს აუცილებლად დათანხმდებოდა. თუმცა, გადაწყვეტილება უარის შესახებ არცთუ ისე უჩვეულოა. მაშინაც კი, როცა ერთი ალტერნატივა მეორეზე გაცილებით უკეთესია, ინვესტორები, მათ შორის, პროფესიონალებიც, ამ შეცდომას ხშირად უშვებენ. „ფინანსურმა კვლევამ აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში იყიდება მომგებიანი აქციები და არა წამგებიანები. მომგებიანი აქციების გაყიდვა აშკარად ირაციონალურია, რადგან აქციები, რომელთა ფასი ეს-ესაა გაიზარდა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაძვირდება, იმათგან განსხვავებით, რომელთა ფასმაც უკვე შემცირება დაიწყო”.

წამგებიანი აქციის გაყიდვა ინვესტორების ეგოს ურტყამს. ამით ისინი აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ეს აქციები იყიდეს, საკუთარი შეცდომების აღიარება კი არავის უყვარს. მომგებიანი აქციების გაყიდვისას ინვესტორები თავს კარგად გრძნობენ. მათ ყიდვისას კარგი გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა მოგებას იმკიან.

 

ჩაძირული დანახარჯების შეცდომა

საკუთარი შეცდომების აღიარება მარტო ინვესტორებს როდი სძულთ. როცა ადამიანები მრავალი სახის ვალდებულებებს იღებენ, ეს ირაციონალური სურვილი იწვევს ე.წ. ჩაძირული დანახარჯების შეცდომას. კანემენის თქმით, ეს ის შეცდომაა, რომლის გამოც ხალხი „მეტისმეტად დიდხანს ებღაუჭება ცუდ სამსახურებს, უსიყვარულო ოჯახებსა და უპერსპექტივო კვლევით პროექტებს”.

პოკერის ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ჩაძირული დანახარჯები უნდა დავივიწყოთ, რადგან მას შემდეგ, რაც დოლარს ბანკში ჩავდებთ, ეს ჩვენი დოლარი აღარაა. ის ისეთივე დოლარია, როგორც ნებისმიერი სხვა. თუმცა, მოთამაშეთა უმეტესობა ასე ვერ ფიქრობს, მაშინაც კი, როცა საპირისპიროს ამბობენ.

ჩაძირული დანახარჯების შეცდომა განსაკუთრებით ირაციონალურია პოკერის მოთამაშეებისთვის, რადგან მისი მოშორება ასეთი იოლია. ძნელია სამსახურის, მეუღლის, კვლევითი პროექტის შეცვლა, მაგრამ პოკერში მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ კარტი დაყაროთ და შინ წახვიდეთ.

ეს შეცდომა სამ გავრცელებულ ირაციონალურ შეცდომას იწვევს:

ცუდი შანსებით თამაშის გაგრძელება.

არასწორი ქოლები რივერზე. მოთამაშეები ხშირად ფიქრობენ: „ვიცი, რომ წავაგებ, მაგრამ მაინც უნდა დავქოლო”.

უფრო დიდხანს თამაში მაშინ, როცა აგებენ, ვიდრე მაშინ, როცა იგებენ.

გაცილებით უფრო მოსალოდნელია, რომ განაგრძოთ მოგება, როცა იგებთ, ვიდრე დაიწყოთ მოგება, როცა აგებთ. ჯერ ერთი, რაკი იგებთ, ესე იგი გარკვეული უპირატესობა გაქვთ სხვა მოთამაშეებთან შედარებით. და მეორე, როცა იგებთ, ფსიქოლოგიური უპირატესობაც გიჩნდებათ. მეტოქეებს ბუნებრივად ეშინიათ იმათი, ვინც იგებს, და თავს ესხმიან მათ, ვინც აგებს. ამ ფაქტების მიუხედავად, წარუმატებლები თამაშს განაგრძობენ, წარმატებულები კი – შინ მიდიან.

ამ სამ შეცდომას ნებისმიერი ადამიანი უშვებს. სუსტი მოთამაშეები ამით უფრო ხშირად სცოდავენ, მაგრამ სხვებიც ხშირად ცდებიან. ზოგიერთები აცხადებენ, რომ მათზე არანაირად არ მოქმედებს, იგებენ თუ აგებენ, მაგრამ ისინი თავს იტყუებენ. შეიძლება ისე სასოწარკვეთილად არ რისკავდნენ, როგორც ისინი, ვინც აგებს, მაგრამ მათაც კი აქვთ დანაკარგების თავიდან აცილების ირაციონალური მოთხოვნილება. ყველაზე სულელური სიტყვები პოკერში ესენია: „ჩემი ფული უნდა ამოვიღო”. თითქმის ყველას გვითქვამს ან გვიფიქრია მაინც ასე.

 

მიზნის მიღწევა თუ გადაჭარბება

პოკერის ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ქეშ-გეიმში მონაწილე ყველა ჩიპს ერთნაირი ღირებულება აქვს. არანაირი განსხვავება არაა, პირველ ჩიპს მოიგებ, იმას მოიგებ, რომლითაც ამ სესიაში შენს დასახულ მიზანს მიაღწევ, თუ მიზნის მიღწევის შემდეგ მოიგებ.

ეს მართალია „ეკონებისთვის”, „ჰუმანებისთვის” კი – არა. „მიზნის ვერმიღწევის შიში გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე მისი გადაჭარბების სურვილი”. კვლევამ აჩვენა, რომ პროფესიონალი გოლფერები უფრო იმას ცდილობენ, რომ დარტყმების მითითებული რაოდენობით ჩააგდონ ბურთი, ვიდრე იმას, რომ ამისთვის ერთი დარტყმით ნაკლები გამოიყენონ.

თუ გოლფერი ბოლო სავალდებულო დარტყმას ვერ ჩააგდებს, საჯარიმო ქულას მიიღებს. თუ ბოლოსწინა დარტყმით ვერ ჩააგდებს, მაშინ ბოლო დარტყმით ჩააგდებს, რაც სტანდარტული მიზანია ყოველი რაუნდისთვის. შეიძლება იფიქროთ, რომ დიდი განსხვავება არაა, მაგრამ სინამდვილეში რიცხვები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

„რთული იყო დარტყმა თუ იოლი, დიდი მანძილი იყო ხვრელამდე თუ პატარა, მოთამაშეები უფრო წარმატებულები იყვნენ, როცა სავალდებულო რაოდენობის დარტყმებით ცდილობდნენ ბურთის ჩაგდებას, ვიდრე ნაკლები დარტყმებით. თავის საუკეთესო წლებში ტაიგერ ვუდსს რომ იმდენჯერვე ჩაედგო ერთი დარტყმით ნაკლებში, რამდენჯერად სავალდებულო რაოდენობის დარტყმებით ჩააგდებდა, მისი საშუალო სატურნირო შედეგი ერთი დარტყმით გაუმჯობესდებოდა, მისი შემოსავალი კი – სეზონში თითქმის $1 მილიონით”.

შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ კვლევებს პოკერთან არანაირი კავშირი არა აქვს, მაგრამ ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენც ემხრობით გავრცელებულ მოსაზრებას: „პოკერი სხვა ყველაფრისგან განსხვავებულია”. არ არის განსხვავებული. პოკერის შეცდომებს იგივე ირაციონალური მოტივები და კოგნიტიური შეცდომები იწვევს, რომლებიც სხვა სახის გადაწყვეტილებებზე მოქმედებს. თქვენ, მე და პოკერის თითოეული მოთამაშე „ეკონები” კი არა, „ჰუმანები” ვართ. ჩვენ გვაქვს მრავალრიცხოვანი მოტივები და რისკის პრეფერენციები, რომლებიც რეგულარულად გვიბიძგებს ირაციონალური, უარყოფითი EV-ს მქონე გადაწყვეტილებებისკენ.

 

შეჯამება

ჩვენ ვერასოდეს გავხდებით სრულად რაციონალურები, მაგრამ შეგვიძლია გავხდეთ ნაკლებად ირაციონალურები, თუ გავიგებთ, როგორ მოქმედებს ჩვენი რისკის პრეფერენციები და სხვა მოტივები ჩვენს გადაწყვეტილებებზე.

 

რეგულარულად ჰკითხეთ საკუთარ თავს:

როგორია ჩემი რისკის პრეფერენციები და მოტივები?

როდის და როგორ იწვევს ისინი ირაციონალურ გადაწყვეტილებებს?

როგორ მოქმედებს ისინი ჩემზე ამჟამად?

როგორ შემიძლია შევეწინააღმდეგო? ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში