ავტორიზაცია
ვანესა სელბსტი, დოილ ბრანსონი, დაგ პოლკი

2018 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა: #7 პოკერიდან წასული მოთამაშეები

თვალი გადავავლოთ ვარსკვლავებს, რომლებმაც 2018 წელს საპოკერო კარიერა დაასრულეს.

ვანესა  სელბსტი

პოკერის ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ქალმა მოთამაშემ, WSOP-ის სამი ოქროს სამაჯურის მფლობელმა ვანესა სელბსტმა პოკერიდან წასვლა გადაწყვიტა. ამერიკელმა სუპერმოთამაშემ facebook-ზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა.

„პოკერმა ბოლო 12 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მომცა. ეს იყო ინტელექტუალური შეჯიბრი, ხალისი და, რა თქმა უნდა, შემოსავლის წყარო. ეს იყო საშუალება, მთელი მსოფლიო მომეარა და ბევრი ახალი ადამიანი გამეცნო“.

სელბსტს ცოცხალ ტურნირებში $11 851 384 აქვს მოპოვებული. ამ მონაცემით იგი ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშეთა სიაში 41-ე ადგილზეა.

დოილ ბრანსონი

ამერიკული პოკერის ლეგენდამ, ათი ოქროს სამაჯურის მფლობელმა და WSOP-ის ორი მთავარი ღონისძიების გამარჯვებულმა დოილ ბრანსონმა კარიერაში უკანასკნელ ტურნირი გასული წლის ზაფხულს ითამაშა. 

"84 წლის ვარ, დიდხანს თამაში აღარ შემიძლია, გარდა ამისა, ჩემი მეუღლე ვერ იძინებს, სანამ თამაშს არ დავასრულებ და მის ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდე, მან ჩემს კარიერას 54 წელი შესწირა. ამიტომ ვფიქრობ, რომ WSOP-ზე უკანასკნელ ტურნირს ვითამაშებ", - განაცხადა ვეტერანმა მოთამაშემ.

ტოდ ბრანსონი

დიდების დარბაზის წევრმა, ლეგენდარულმა დოილ ბრანსონის ვაჟმა ტოდ ბრანსონმა მამის კვალდაკვალ პოკერიდან წასვლა გადაწყვიტა.

ბრანსონს კარიერის განმავლობაში $4 698 253 აქვს მოგებული და ერთი ოქროს სამაჯურის მფლობელია. 2016 წლიდან იგი პოკერის დიდების დარბაზის წევრია.

„სიამოვნებით ვიმუშავებ საკუთარ რესტორანში მიმტანად ან ბარმენად“, - ამბობს აწ უკვე ყოფილი პოკერის მოთამაშე, რომელიც ლას-ვეგასში ერთ-ერთი იტალიური რესტორნის მფლობელია.

დაგ პოლკი

თანამედროვე პოკერის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ და ბლოგერმა პოკერისგან დასვენება გადაწყვიტა. ბოლო პერიოდში პოლკს როგორც ოფლაინ, ისე ონლაინ პოკერში დაუნგრეიდი ჰქონდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა მოთამაშემ კრიპტოვალუტებში მსხვილი ინვესტირება გააკეთა და საფონდო ბირჟაზე თამაში დაიწყო, რის გამოც პოკერის თამაშისთვის ვეღარ იცლიდა.

"პოკერს აღარ ვითამაშებ. ჩემი ცხოვრების ეს თავი დასრულებულია. კარგი დრო ვატარე, უდიდესი თამაშია. პოკერისადმი სენტიმენტები ყოველთვის მექნება. თუ ოდესმე გადავიფიქრე, დიდი სიამოვნებით დავუბრუნდები დიდ სპორტს", - ამბობს პოლკი ვიდეომიმართვაში.